მე, პირადი განვითარება

უმიზნობის სტრესიდან მიზნის სტრესამდე

მიზნის მიღწევაცხოვრებაში ყველაზე დიდი სტრესის გამომწვევი, ალბათ, უმიზნობაა. არ გაქვს მიზანი, არ იცი რა აკეთო, არაფერი არ გიდუღებს ძარღვებში სისხლს, დილით გაღვიძება არ გიხარია, ნახევრად მძინარე იხეხავ კბილებს და თვალდახუჭული ინერციით სვამ ყავას… და ასე ყოველ დღე, მორიგი უმიზნო, ნაძალადევი ღიმილით გატარებული უღიმღამო დღე …  შენც იქექები საკუთარ თავში: ნუთუ ჩემი გეგმა უკვე შევასრულე და ახალი მიზნები აღარ მექნება? ნუთუ აღარაფერი აღარ ამიჩქარებს გულს და თავბრუს არ დამახვევს?

ასე მიედინება ყოველდღიური რუტინა და მოულოდნელად აი ისიც!  ცა იხსნება, მანანები ჩამოცვივა,  ნუში იფეთქებს, ცაზე ორმაგი ცისარტყელა გამოჩნდება, მიწიდან გეიზერი ამოხეთქავს და გონებაში მუსიკა დაუკრავს, კანს თბილი მზის სხივები გაათბობს, გული აძგერდება, სისხლი გიჟივით ირბენს ძარღვებში, მკლავში ძალას იგრძნობ და აი ისიც კამელოტის ჯადოსნური ხმალი: მისი უდიდებულესობა – მიზანი!

მიზნის აღმოჩენა ტრანსში გაგდებს, სხვა ვეღარაფერზე ფიქრობ, ბედნიერი ხარ, ეიფორიაში ხარ, „მე ამისგან გავაკეთებ…“  მდგომარეობაში ხარ. ერთბაშად ეჭიდები შენს გამოსათლელ ქვას. უკაკუნებ აქედან, იქიდან, ებრძვი მთელი ძალით, საკუთარ თავს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევ, მანამ სანამ ტკბილი ნარკოზის მოქმედება არ გაივლის. მოულოდნელად ფხიზლდები და ხვდები, რომ ქვა ადგილიდან ვერ დაძარი მიუხედავად იმისა, რომ მთელი ძალით აწვებოდი. დაღლილი ხარ, გეჩვენება რომ აზრი არ აქვს არაფერს. მიზნამდე ვერასოდეს ვერ მიხვალ და აი ისინიც მობრძანდნენ: აუხდენელი ოცნების დეპრესია და დიდი მიზნის სტრესი.

მაგრამ, მოიცადე! ხელებს ნუ ჩამოუშვებ,  ჯერ ადრეა! შენ დიდი მიზნების ჯადოსნური წესი დაგავიწყდა:“ ზღვა კოვზით დაილიაო.“  გახსოვს ეს ანდაზა? რაც არ უნდა ძალიან გინდოდეს  დღიურ ნორმა 2 ლიტრ წყალს ერთბაშად ვერ დალევ და რომც დალიო ის საბოლოო მიზნამდე(დატენიანებული კანი) ვერ მიგიყვანს, რადგან ეგრევე გამოიდევნება ორგანიზმიდან.

მიზნამდე პატარ-პატარა, მოზომილი ნაბიჯებით უნდა წახვიდე. სანამ ეიფორიაში ხარ, ვერ გრძნობ რომ მთელ ფიზიკურ და ემოციურ ენერგიას ხარჯავ. ხოლო როდესაც ეიფორია გადის, გული გიცრუვდება, რომ ამდენი ენერგია დახარჯე და მიზნისგან ჯერ ისევ ძალიან შორს ხარ.

როდესაც ეიფორია გადის, თამაშში დისციპლინა შემოდის. სწორედ დისციპლინას შეუძლია სასწაულების მოხდენა. მხოლოდ მოზომილი, უწყვეტი ნაბიჯების პროგრესიას შეუძლია მიზნამდე მიყვანა. რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, მისასალმებელია რომ რაღაცის მიღწევა იმდენად გინდა, რომ მზად ხარ მთელი ძალა მისკენ მიმართო, მაგრამ ხშირად ასეთ დროს ძალებს ვერ ვზომავთ, ვიღლებით, გვგონია რომ თუკი ბოლომდე დავიხარჯებით მიზნამდე უფრო სწრაფად მივალთ. მაგრამ, ასე არ ხდება. როდესაც მთელს ძალას ერთბაშად ვხარჯავთ, ვიღლებით, მერე ძალებს ვიღდგენთ, მერე საკუთარი თავი იმედგაცრუებისგან და დეპრესიიდან გამოგვყავს და თუ მიზანს ისევ დავუბრუნდით, ათვლის წერტილიდან გვიწევს დაწყება.  პროგრესია წყდება!  საბოლოო ჯამში, ბევრად მეტი დრო იხარჯება და მიზნისგან კიდევ უფრო შორს ვართ.

რა თქმა უნდა, მიზნის ტკბილ ეიფორიას ვერაფერი შეედრება და ეს  შეგრძნება ყველამ უნდა განიცადოს. თუმცა, ეს ეიფორია აუცილებლად გადის და ერთადერთი გზა მიზნის მიღწევის კიდევ უფრო ტკბილი ეიფორია რომ განვიცადოთ, ეს ნებისყოფა და დისციპლინაა.

ამიტომ, ნუ დაღონდები, აწიე თავი და განაგრძე სვლა და რაც მთავარია, იარე ყოველ დღე და იარე არა იმდენი, რომ დაღლილობისგან მიწაზე დავარდე, არამედ იმდენი რამდენიც შეგიძლია. მხოლოდ ასე მიხვალ შენ მზემდე. მე ამის მჯერა.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s