redgirlsweb

უცნაური მუზა

redgirlswebვერ ვიტყვი რომ დაგეგმილი შვილი იყო. მას ნამდვილად არ შენატროდნენ წლები.  თუმცა, რაკიღა ისე მოხდა და მოევლინა ამ ქვეყანას, რა უნდა ექნათ მშობლებს?  უბრალოდ მიიღეს ოჯახში. მის სახელზე ბევრი არ უკამათიათ და არ უდავით. რიგითი სახელი დაარქვეს და ცხოვრებისეულ, თავისუფალ ცურვაში გაუშვეს…

მის მომავალზეც ბევრი არ უფიქრიათ და შესაბამისად არც მის განათლება-განვითარებაშიც იყვნენ დაინტერესებულნი. მშობლები არც მოხდენილ კაბებსა და ლამაზ ფეხსაცმელს არ ყიდულობდნენ მისთვის, რამეთუ გარეგნულადაც არაფროთ იყო გამორჩეული. ერთი ჩვეულებრივი რიგითი იყო …

რა უნდა ექნა? რა უნდა მოემოქმედა? ო, როგორ უნდოდა დაემტკიცებინა მშობლებისათვის რაღაც, როგორ უნდოდა დამსახურებინა მათი სიყვარული ..

ამიტომ ღრმად ჩაისუნთქა, მოიკრიბა მთელი ძალა და თვითონ შეუდგა საკუთარი თავის განვითარებას. მთელი არსით, სულითა და გულით იბრძოდა.  ცრემლმორეული, მტკივანი და გატეხილი გულით, მაგრამ მაინც იბრძოდა, რადგან სჯეროდა, სწამდა, იცოდა …

ძალიან დიდი ხანიც არ გავიდა, როდესაც  ის სხვებმა შეამჩნიეს.  ადამიანებმა მისკენ სწრაფვა დაიწყეს:  პატარა ქერათმიანი ბიჭი გლობალური მიზნებით, გადაპრანჭული „შლაპიანი ქალი“, გაუთლელი მუშები მშენებლობიდან, თეთრ პერანგიანი საქმოსნები, სიყვარულის ქარბორბალში შთანთქმული და ცხოვრების მიწურულს ნაზი გრძნობით გაჯერებული  წყვილები.

გრძნობდნენ  რომ ის განსაკუთრებული იყო.  ამიტომ, ყველას მასთან უნდოდა ურთიერთობა, ყველა მისკენ მიილტვოდა. ყველა მისგან ელოდა რჩევებს, ყველა მას უყურებდა თვალებში.  გეგონება ყველა კითხვაზე ჰქონოდა პასუხი. ყველა მასთან პოულობდა სიმშვიდეს და მომავალი ცხოვრებისეული მიზნების მისაღწევად ახალი ენერგიით იმუხტებოდა.

მისი თბილი გული ყველასათვის ღია იყო. უანგაროდ გასცემდა სიყვარულს  და ამით  თვითონვე კიდევ უფრო მეტად იმუხტებოდა.

ბედნიერი იყო.

მხოლოდ ყრუ, გაფუჭებული რადიოს ზუზუნივით შემაწუხებელი და განუწყვეტელი ტკივილი უმძიმებდა გულს. როგორ უნდოდა მშობლებს შეემჩნიათ ის, შეემჩნიათ როგორ უყვარს იგი ადამიანებს, როგორ გაიზარდა …

თუმცა, გულს არ იტეხდა. სჯეროდა რომ ეს დროც დადგებოდა. აუცილებლად დაიმსახურებდა მშობლების სიყვარულსაც. აუცილებლად … ოდესმე …

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s