წარმატება

ახალი წელი

განსაკუთრებით კარგი დღე გამითენდა. დილით ორი წარმატებული შეხვედრა მქონდა. ამათგან ერთი იმდენად წარმატებული, რომ დღესაც კი ვგრძნობ მის შედეგს. ახლა კი მესამეზე გავრბოდი, თუ ამას სირბილი ქვია, როცა ფეხზე 12 სმ ქუსლებიანი ფეხსაცმელი გაცვია. როგორც ყოველთვის შემეშალა და 2 გაჩერებით ადრე ჩამოვედი ტრანსპორტიდან, თუმცა ეს ჩემს განწყობას ხელს ნამდვილად არ უშლიდა. რა დროს ცუდი ხასიათია, როცა თავში Michael Buble მღერის (you’re a mystery, you’re from outer space, you’re every minute of my every day). ვინც კარგად მიცნობს მიხვდება, რომ ჩემს ჩვეულ ამპლუაში ვიყავი. მოკლედ, ასე გავრბოდი ყაზბეგის გამზირზე, როდესაც მოულოდნელად – ტადამ! – აქსესუარების და ბიჟუტერიის მაღაზია დავინახე. გადავწყვიტე საკუთარი თავისათვის საჩუქარი გამეკეთებინა და გიჟივით შევვარდი. ვეცი საყურეების საკიდს და სწრაფად ვცდილობ რამე შევარჩიო. ჰო, სიმღერა ისევ ტრიალებს ჩემს თავში. ჩემს გვერდით კი გოგონა დგას, რომელიც დინჯად არჩევს ე.წ. “აბადოკებს”. ამასობაში მე უკვე ავიღე ერთ-ერთი საყურე და გავიკეთე ყურზე. მივუტრიალდი გოგონას და როგორც ჩემმა ერთმა მეგობარმა უწოდა ხუთოსნური ბედნიერების გამომხატველი ღიმილით შევეკითხე მიხდებოდა თუ არა. გოგონა კი მოულოდნელად მეუბნება – შენ ნატალი არ ხარ საგინაშვილიო? აი მაშინ დადუმდა მაიკლი ჩემს თავში. შევხედე, კარგად დავაკვირდი და მივხვდი რომ არ ვიცნობ და გაკვირვებული ვუყურებ. აღმოჩნდა, რომ ეს გოგონა ჩემს ბლოგს კითხულობდა. გულწრფელად გეტყვით, ვერ აგიღწერთ როგორ მესიამოვნა და დიდი მადლობა ამ გოგონას, რომელთანაც დღეს ხშირი კონტაქტი მაქვს კიდეც. თუმცა, ეს ნამდვილად არ არის ის რის გამოც გადავწყვიტე ბლოგის შექმნა …

ერთხელ ჩემი ერთი თანამშრომელი (რომელიც ძალიან ძვირფასია ჩემთვის) შემეკითხა, რად გინდა საერთოდ ამ რაღაცეებს რომ წერო? რაზეც შეურაცხყოფილმა მივუგე შენ რატომ დაძვრები მთებში, მეთქი. მისთვის ალპინიზმი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ასევე გახდა ჩემთვის წერა. იმდენად მიყვარს ჩემი ბლოგი, რომ ვერც კი წარმომიდგენია როგორ შეიზლება არ ვწერო. უბედნიერესი ვარ, როდესაც გამომდის გადმოვცე ის რაც მაწუხებს ან მნიშვნელოვნად მიმაჩნია. თითოეული ჩემი პოსტი მიყვარს. სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ ვფიქრობ იმაზე 1 ადამიანი წაიკითხავს ჩემს ბლოგს 10, 100 თუ 1000. ჩემთვის მთავარია, რომ 1 ადამიანმა მაინც იპოვოს რაღაც საკუთარი თავისათვის და თუ ეს გამომდის უბედნიერესი ვარ. უბედნიერესი ვარ, როდესაც თქვენს კომენტარებს და წერილებს ვიღებ. დიდი მადლობა ყველას ამისათვის. თქვენ მე ბედნიერებას და მზეს მჩუქნით და კიდევ სტიმულს, რომ ახალი პოსტები დავწერო.

სულ რაღაც მაისში შევქმენი საკუთარი ბლოგი და ამასობაში უამრავი ადამიანი გავიცანი, მათ შორის, თამუნა, სხვა თამუნა, სალომე, ზურა, კოტე, რუსო, ალეკო, ანდრო, მარიამი, დოდო, ნინო, მარიტა, თეონა, მანანა, ქრისტინე, გიორგი, კიდევ ერთი გიორგი,მაია, შაკო, ანი, ირინა …. ბოდიში, თქვენი სახელი თუ ვერ იპოვეთ. უბრალოდ, ეს ის ადამიანები არიან, რომელთანაც კონტაქტი მქონია. ზოგიერთ მათგანთან დღეს მეგობრობა მაკავშირებს კიდეც, რაც ისევ ჩემი ბლოგის დამსახურებაა.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ აჩიკო გავიცანი და HR-ბლოგზე დავიწყე წერა. თუმცა, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მივხვდი, რომ მდგუმორაბა არ მომწონდა და საკუთარი სახლის შენება დავიწყე. ასე შეიქმნა ჩემი ბლოგი. აქვე აღვნიშნავ, რომ ძალიან მადლიერი ვარ აჩიკოსი, რადგან მას რომ არ შემოეთავაზებინა თავის დროზე მის ბლოგზე წერა დღეს, ალბათ, ჩემი ბლოგიც არ იარსებებდა…

რაც მთავარია, რომ არა თქვენ ჩემი ბლოგი ნამდვილად არ იარსებებდა. უღრმესი მადლობა ყველას, ვისაც ერთხელ მაინც აქვს წაკითხული ჩემი რომელიმე პოსტი. თქვენი წყალობით და მე და ჩემმა ბლოგმა 2010 წელი ძალიან კარგად ჩავამტავრეთ (ყოველ შემთხვევაში wordpress-მა ასე მითხრა). წინ კი 2011 წელია ბევრი ბევრი ახალი პოსტებით და ძალიან ძალიან გამიხარდება თუ კიდევ გვესტუმრებით…

გილოცავთ ყველას ახალ წელს და გისურვებთ, რომ ამ წელმა ყველა თქვენი მოლოდინი გაამართლოს.

თქვენი ნატალი

შემდეგ პოსტამდე …

12 thoughts on “ახალი წელი”

  1. ვაიმე რა კარგი პოსტი იყო და თბილი ❤ როგორც გჩვევია ხოლმე… ყველა ბლოგერს ერთი საერთო გვაქ რომ წერა გვიყვარს და მკითხველები კი დიდ სიამოვნებას გვანიჭებენ, მე ჩემი პატარა მკითხველების რაოდენობითაც ბედნიერი ვარ და ერთი კომენტარიც კი ამხარებს ხოლმე :)) შენ კი ნამდვილად იმსახურებ იმ სითბოს დღეს რაც მიიღე ! ჩემთვისაც დაუსვამთ მსგავსი კითხვა რათ გინდა ბლოგიო, მაგრამ სულ არ მაინტერესებს ვისთვის არის ბლოგი საჭიროება და ვისთვის პირიქით უაზრო საქმიანობა. მთავარია გიყვარს და აკეთებ ! ბედნიერ წელს გისურვებ, უკეთესი პოსტებითა და წარმატებებით 🙂

    1. დიდი მადლობა, მარიტა. უღრმესი მადლობა ამ თბილი სიტყვებისათვის. ზუსტად მასე ვარ მეც. თითოეული კომენტარი უზომოდ მიხარია. მიხარია ერთმანეთი რომ გავიცანით 🙂

  2. მეც როგორც იქნა, შემოვაღწიე შენს ბლოგზე!!!! მეც აჩიკოს წყალობით გაგიცანი, მართალია პირადად ჯერ კიდევ ვერა, მაგრამ მაინც ხომ გიცნობ :))))

  3. აქ Like-ს ვერ მივაჭერ? 🙂
    კარგია რომ გიყვარს აზრების გაზიარება და გინდა რომ ერთმა მაინც იპოვოს თავისთვის რამე 🙂 სასიამოვნოა ასეთი ადამიანის ასეთი პოსტების წაკითხვა…. წარმატებებს გისუირვებ 2011-ში!

Leave a reply to Natalie Saginashvili კომენტარის გაუქმება