აკეთე საყვარელი საქმე

მარტი მთავრდებოდა, სევდიანი ამინდი იდგა. არც მზე ჩანდა. ოფისში მოწყენილი ვიჯექი და (იმედია, უფროსი არ მიწყენს) მოტივაციის წყაროს ვეძებდი. მართალია ჭეშმარიტი ოპტიმისტი და სუპერპოზიტიური ადამიანი ვარ, დრო–და–დრო მეც მინდა შთაგონება, მოტივაცია, მზე … მოკლედ დამუხტვა მესაჭიროება ხოლმე, რადგან “Duracell” – ის ელემენტებიც კი ჯდება.

ყველაზე დიდი მოტივაცია კი ჩემთვის წიგნებშია. წიგნებმა არა ერთხელ დამიჭირეს მხარი და არა ერთხელ მომცეს ძალა. ამიტომ, გამახსენდა ერთი ძველი ონლაინ ბიბლიოთეკა www.dailylit.com და ვესტუმრე კიდეც მას. დაუფიქრებლად მივაშურე ბიზნეს–კატეგორიას და პირველი რაც მომეწონა, ის გამოვიწერე. მაშინ არ მოველოდი, რომ მოულოდნელად წყარო კი არა მოტივაციის მთელი ლავა დამატყდებოდა თავს ….

2 pac -ის დიდი თაყვანისმცემელი არ ვარ და არც რეპი მიყვარს საერთოდ, მაგრამ ამ ბოლო დროს რატომღაც მუდამ მისი ერთ–ერთი სიმღერის შემდეგი ფრაზა მიტრიალებს თავში: What you won’t do, do for love (რაც არ უნდა გააკეთო, ყველაფერი სიყვარულისათვის გააკეთე). მართლაც, ყველაფერი ხომ სიყვარულიდან იწყება და რაც უფრო მეტი დრო გადის და რაც უფრო მეტს ვკითხულობ სულ უფრო ვრწმუნდები, რომ ყოველი წარმატების ისტორიის საფუძველი სიყვარულია. სიყვარული საკუთარი საქმიანობის მიმართ.

აქედან ლოგიკურად გამომდინარეობს, რომ იმისათვის რომ წარმატებული იყო უნდა გიყვარდეს შენი საქმე, შენი სფერო, შენი ინდუსტრია….

ის წიგნიც რომელიც იმ უჟმურ და სევდიან დღეს აღმოვაჩინე, საყვარელ საქმიანობას ეძღვნება და ხაზს უსვამს ფაქტს, რომ თუკი საყვარელ საქმეს აკეთებ აუცილებლად წარმატებული იქნები.

Crush It! – ასეთი გახლავთ წიგნის სახელწოდება. საკმაოდ დამაინტრიგებელია, არა? მეც დავინტრიგდი და სახლში მისვლისას ჩავუჯექი მის კითხვას. იმდენად მამოტივირებელი და საინტერესო იყო ჩემთვის, რომ ვერც კი ვიგრძენი როგორ ჩავიკითხე 3 თავი. დიახ, სამწუხაროდ მხოლოდ სამი თავი იყო ხელმისაწვდომი უფასოდ. თუმცა, ჩემთვის ეს ბარიერს არ წარმოადგენდა. დღეს ეს წიგნი ჩემს კარადაში ინახება და ჩემს საყვარელ წიგნებს შორისაა.

თუმცა, სანამ Crush It! ჩამომივიდოდა იმდენად ვიყავი წიგნის ავტორით დაონტერესებული, რომ ძებნის აწ უკვე ტრადიციულ მეთოდს მივაშურე ანუ დავGoogleე ის. ჰოდა ასე აღმოვაჩინე გარი ვაინერჩაკი, ემიგრანტი ყოფილი საბჭოთა კავშირიდან, კერძოდ ბელორუსიიდან, რომელიც დღეს აშშ–ში ერთ–ერთ ყველაზე წარმატებულ და პოპულარულ პიროვნებას წარმოადგენს. შეუძლებელია აღფრთოვანებული არ დარჩე მისი ენერგიულობით და შემართებით.

ყოველ დღე ახალ–ახალ აღმოჩენებს ვაკეთებდი. მას ღვინის ბიზნესი აქვს ნიუ–იორკში, ონლაინ–შოუ ღვინის შესახებ, საკუთარი ბლოგი, რადიო–შოუ ,მედია კომპანია და კიდევ რამოდენიმე წიგნის და უმრავი წამოწყების ავტორია. ამასთან, ეს წამოწყებები ზოგჯერ იმდენად თავბრუდამხვევია, რომ ძნელია გაოცება დამალო. ეს არის ადამიანი, რომელიც დღედაღამ შრომობს და რომელმაც მხოლოდ საკუთარი დაუღალავი მუშაობისა და ენთუზიაზმის ხარჯზე მიაღწია წარმატებას, რამეთუ როდესაც მისი ოჯახი აშშ–ში ჩავიდა, აბსოლუტურად ღატაკი იყო.

მოკლედ, გარი ვაინერჩაკი ჩემს ცხოვრებაში ძალიან შესაფერს დროს გამოჩნდა, რადგან მაშინ ძალიან მჭირდებოდა გამხნევება და მხარდაჭერა, რომელიც მის ვიდეო–პოსტებში ვიპოვე. უზომოდ მადლიერი ვარ მისი. სხვათაშორის, ჩემი მადლიერება მასაც გავუზიარე. წერილი მივწერე, რომელზეც მიპასუხა და არა ერთხელ. ეს ის თვისებაა, რომელიც გარის სხვათაგან გამოარჩევს. ის მაქსიმალურად ცდილობს არც ერთი წერილი არ დატოვოს უპასუხოდ.

თვითონ გარის გამოჩენაც პასუხი იყო იმ კითხვებზე, რომლებიც მაშინ მღრღნიდა და მადლობა ღმერთს, რომ მღრნიდა, რადგან სხვანაირად ხომ ვერც მის წიგნს აღმოვაჩენდი და ვერც მისი წიგნის რამოდენიმე აბზაცის თარგმნას შევძლებდი თქვენთვის.

მაშ ასე,

Crush It! თავი 1 

საქმის სიყვარული ყველაფერია

რამდენად ძლიერად გინდათ, რომ გაიმარჯვოთ? გჭამთ ეს შეგრძნება შიგნიდან? ათენებთ ღამეებს თეთრად იდეებისა და ოცნებების მოზღვავების გამო? ხართ მზად იმისათვის, რომ ოჯახისა და საკუთარი თავის უზრუნველყოფა თქვენივე სახსრებით შეძლოთ? თუკი ასეა, გაგიმართლათ. გაგიმართლათ, რადგან ცხოვრობთ ეპოქაში, რომელიც განუსაზღვრელ შესაძლებლობს სთავაზობს ნებისმიერს, ვისაც ჭეშმარიტი შრომის უნარი, მოთმინება და დიდი ოცნებები გააჩნია. მე ეს კარგად ვიცი, რადგან ჩემი ისტორიაც ასე დაიწყო.

სამი წლის წინ ნამდვილ ანომალიად მივიჩნეოდი. ვიყავი კაცი ძალიან შეზღუდული ცოდნით ტექნოლოგიებში, რომელიც ისეთ სოციალური მედიის საიტებს, როგორებიცაა ფეისბუქი, თვითერი და თამბლრი მაღალმომგებიანი პერსონალური ბრენდის შესაქმნელად იყენებდა. მაშინ, ძალიან ბევრ ადამიანს არ უნდოდა ეღიარებინა, რომ ბიზნეს სამყარო, საზოგადოება იცვლებოდა და თუკი შევეცდებოდი მეთქვა თქვენთვის, რომ შესაძლებელია ააწყო ბიზნესი მხოლოდ საკუთარი საქმის სიყვარულისა და უდიდესი შრომის ხარჯზე, ალბათ, არც კი დამიჯერებდით. დღესაც კი, მიუხედავად ზღვა შესაძლებლობებისა, არა მგონია, ყველას ბოლომდე ჰქონდეს გაცნობიერებული, თუ როგორ შეიცვალა საზოგადოება, ბიზნესი და თვითონ ინტერნეტიც კი. ჩემი ისტორია კი არც იმდენად უჩვეულოა და თუკი თქვენში წარმატების სურვილი ძალიან ძლიერია, ეს შეიძლება თქვენი ისტორიაც გახდეს. ამასთან, ბევრად ნაკლებ დროში და გაცილებით ნაკლებ ფასად.

აი საიდან დაიწყო ყველაფერი: მამაჩემს ვეხმარებოდი მის ადგილობრივ ლიქიორის მაღაზიაში (Shopper’s Discount Liquors) და წლიური 4 მილიონიანი მოგება 8 წელიწადში (1998-2005) 50 მილიონ დოლარამდე გავზარდე. ძალიან ვამაყობ ამით. თუმცა, გარდა ძალიან დიდი და მძიმე შრომისა დამჭირდა მილიონობით დოლარის დახარჯვა რეკლამირებაზე ნიუ იორქ თაიმსში ( New York Times), ვაინ სფექთეითორში (Wine Spectator) და სხვა გამოცემებში, ასევე რადიოსა და ტელევიზიაში. შედარებისათვის, 2006 წლის თებერვლიდან (როდესაც პერსონალური ბრენდის შენება დავიწყე) დღემდე, გაცილებით ნაკლები თანხა (არა უმეტეს 15000 აშშ დოლარისა) და ბევრად უფრო მეტი მუშაობა დამჭირდა. ამასთან, მე იმაზე უფრო მეტად ვერთობი ვიდრე ოდესმე. მუშაობა თქვენც შეგიძლიათ, ხომ ასეა? შესაძლოა არ კავშირები გქონდეთ, არც განათლება და არც ფული, მაგრამ საქმის დიდი სიყვარულითა და ბევრი მუშაობით, ნებისმიერი ოცნების ახდენას შეძლებთ.

სამი წესი 

ამ წიგნს ახლა, ალბათ, იმიტომ კითხულობთ, რომ ჩემი წარმატების საიდუმლო გაინტერესებთ. მინდა გითხრათ, რომ ჩემი საიდუმლო სამ მარტივ წესში მდგომარეობს:

გიყვარდეს შენი ოჯახი.

იმუშავე ძალიან ბევრი.

აკეთე საყვარელი საქმე.

 

სულ ესაა. ყურადღება მიაქციეთ, რომ არც ინტერნეტი მიხსენებია, არც სოციალური მედია და არც ტექნოლოგიები, მიუხედავად იმისა, რომ მათ გადამწყვეტი როლი ითამაშეს ყველაფერში, რასაც უკანასკნელი წლების განმავლობაში მივაღწიე. ეს იმიტომაა, რომ წარმატებას იმის მიხედვით ვზომავ, თუ რამდენად ბედნიერი ვარ და არა იმით თუ რა ზომისაა ბიზნესი ან რამდენი ფული გავაკეთე. ზემოთ აღნიშნული წესების წყალობით კი, დღეს 100 პროცენტით ვარ ბედნიერი.

არ გჯერათ ჩემი? გგონიათ ეს შეუძლებელია? მერწმუნეთ, რომ სავსებითაა შესაძლებელი.

თუკი ამ პრინციპებით ჯერ არ ცხოვრობთ, გთხოვთ რომ მალევე მიიღოთ ისინი, რადგან ყველაფერ იმას, რაც ამ წიგნში მინდა გითხრათ, ფასი არ ექნება თუკი თქვენს ოჯახზე არ ზრუნავთ. ოჯახი ყოველთვის პირველ ადგილზე უნდა იდგეს. თუ ამ პრინციპს იცავთ, ძალიან ბევრს მუშაობთ და მაინც არ ხართ ბედნიერი, ეს ალბათ იმიტომაა, რომ საყვარელ საქმეს არ აკეთებთ. ეს უკანასკნელი, მეგობრებო, მართალია მხოლოდ ერთი მესამედია წარმატებისა, მაგრამ სწორედ ის გახლავთ მთავარი ფაქტორი იმისათვის, რომ დღევანდელ ბიზნეს სამყაროში საკუთარი თავის შესახებ ხმამაღლა განაცხადო.

აკეთე საყვარელი საქმე. გაინტერესებთ რას ნიშნავს ეს? იმას ნიშნავს, რომ ყოველ დილას, ყოველ დღე ენერგიით აღსავსე იღვიძებთ, რადგან იცით რომ წინ ის საქმე გელით, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მეტად გაინტერესებთ და გიზიდავთ. შვებულებაზე არ ოცნებობთ, რადგან საყვარელი საქმისაგან შესვენება არ გჭირდებათ. მუშაობა, გართობა და განტვირთვა, ყველაფერი ერთადაა მოქცეული. იმასაც კი არ აქცევთ ყურადღებას, თუ რამდენ საათს მუშაობთ, რადგან თქვენთვის ეს სამუშაო არ არის. მართალია ფულს აკეთებთ, მაგრამ იგივე საქმეს უფასოდაც გააკეთებდით.

ეს ყველაფერი თქვენს შესახებაა? ნამდვილად ცხოვრობთ თუ მხოლოდ ყოველდღიური ლუკმა-პურის ფულისათვის ცხოვრობთ? ისედაც ამდენ დროს ვატარებთ მუშაობაში. რატომ არ უნდა ვაკეთოთ ის საქმე, რომელიც ყველაზე მეტად გვიყვარს? ცხოვრება მეტისმეტად მოკლეა. ამიტომ, აიძულეთ საკუთარი თავი გადადგათ ნაბიჯი უკეთესობისაკენ, ჩაუჯექით ინტერნეტს და გამოიყენეთ ის სოციალური მედიის იარაღები, რომლებიც იქ გელოდებიან.

აბა რას იტყვით? როგორია? 

13 thoughts on “აკეთე საყვარელი საქმე

  1. მართლა ძალიან მინდა და მაინტერესებს ამ წიგნის წაკითხვა, ალბათ მართლაც საინტერესოა შენი ყურადღება და მოწონება რომ დაიმსახურა. იქნებ, კიდევ მოგვაწოდო ნაწყვეტები ამ წიგნიდან, თუ რა თქმა უნდა შესაძლებელია.

  2. საინტერესოა…
    ფაქტობრივად, ყველაფერში გეთანხმებით შენ და გარის.

  3. shenc martali da garic.
    aketebde imas rac ar gikvars aris mteli cxovrebis xarjebshi chamocera.
    gabedulebis ambavia. unda sheelio stabilurobas.
    me magalitad advilad ver shevelie. nel nela chavanacvle sakutari saqme xelpass. sxva upro male axerxebs albat.

    me ase mjera, rom mtavari is ki araa am qveknad ras daagroveb, aramed im qveynad ramxela sulier gamocdilebas caigeb.

    1. me ase mjera, rom mtavari is ki araa am qveknad ras daagroveb, aramed im qveynad ramxela sulier gamocdilebas caigeb.

      გეთანხმები სავსებით, თუმცა სანამ ამ ქვეყანაზე ვართ რაღაც ხომ უნდა შევქმნათ

  4. თუ გაგიმართლა და აკეთებ საყვარელ საქმეს, რა ჯობს…
    საოცარი ადამიანი ხარ, ყოველთვის, ყველა სიტუაციაში ახერხებ პოზიტივის დანახვას🙂
    წიგნის გაგრძელებას დაველოდები🙂

    1. ქეთი,

      დიდი მადლობა კომენტარისათვის. თუმცა, საოცარი ამაში არაფერია. ეს უბრალოდ გამოცდილებაა🙂

  5. ინტერესში ჩავარდი.დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი ამ წიგნს…

  6. ნატალი გილოცავ!!!

    ძალიან მომეწონა და კიდევ უფრო დამაფიქრა სიტყვებმა ” რატომ არ უნდა ვაკეთოთ ის საქმე, რომელიც ყველაზე მეტად გვიყვარს? ” – ასე რომ მგონი დროა ყველამ ის ვაკეთოთ რაც გვიყვარს….

  7. კარგი სტატიაა, მაგრამ ეს ხომ მხოლოდ ერთ-ერთი მგალითია მსგავსი ათასობით ისტორიიდან…

    ჩემი აზრით უმჯობესია ადამიანმა ვინმეს კონკრეტული მაგალითის მიმბაძველობით კიარა, სუფთა მეცნიერული ცოდნის გამოყენებით ესწრაფვოს წარმატებას, რადგან ვფიქრობ ამგვარი გზა, უმოკლესი და ყველაზე ეფექტური საშუალებაა დასახული მიზნის მისაღწევად

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s