წინააღმდეგობები …. სასარგებლოა!

შრომა, შრომა, წვალება, შრომა, გაუთავებელი შრომა, გათენებული ღამეები, შერყეული ჯანმრთელობა! თუმცა, ეს ყველაფერი ნაკლებად განაღვლებს, რადგან გულს მოსალოდნელი წარმატების იმედი გითბობს, თუმცა რად გინდა? აჰა, შენ ცათამბრჯენი! არა, ცათამბრჯენი არა! ეს უფრო ჩინეთის დიდი კედელია! ჰოდა, დგახარ ამ კედლის გვერდზე და თავი კიდევ უფრო პატარა და უძლური გეჩვენება, ვიდრე სინამდვილეში. გეცოდება საკუთარი თავი და თვალებიდან მდინარეებივით ცრემლები მოედინება.

წინააღმდეგობები, დაბრკოლებები, ბარიერები …. ცხოვრება ისეა მოწყობილი, რომ მათ მუდამ ვეჯახებით, თანაც პირდაპირ შუბლით. ხან იშვიათად, ხანაც უფრო ხშირად. ზოგჯერ წინააღმდეგობა ძალიან დიდია, ზოგჯერ კი, არც იმდენად. თუმცა, ფაქტია, რომ ის ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მის გარეშე ჯერ არც ერთი ადამიანი არ არსებულა ამ ქვეყანაზე, მათ შორის, მეც. მართალია ასაკით არც თუ ისე დიდი ვარ, მაგრამ ვთვლი რომ ცხოვრებაში საკმაოდ ბევრ დაბრკოლებას გადავმწყდარვარ. ამასთან, ეს ბარიერები ზოგჯერ იმდენად დიდი იყო, რომ ბრაზისა და იმედგაცრუებისაგან მინდოდა იქვე მიწა გამხეთქოდა. თუმცა, გადავრჩი და მიწა ისევ ადგილზეა, რადგან ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩინე, რომ წინააღმდეგობები ძალიან სასარგებლოა და მათ ჩემს სასიკეთოდ გამოყენება ვისწავლე. ამან მთელი ჩემი ცხოვრება და თვალთახედვა შეცვალა.
მინდა რომ თქვენც გაგიზიაროთ ჩემი მიგნება. ამიტომ, შევეცადე ქვემოთ ჩამომეყალიბებინა თუ რატომ არის სასარგებლო წინააღმდეგობები:

1. წინააღმდეგობები გვაძლიერებენ. ნებისმიერი დაბრკოლება თუკი მისი არ შეგვეშინდა და თვალი გავუსწორეთ მას, უზარმაზარ ძალას გვანიჭებს. თვითონაც წარმოიდგინეთ, რა უნდა იყოს წინააღმდეგობაზე უფრო კარგი მოტივატორი? ყოველი წინააღმდეგობა, ხომ, გვაძლიერებს და ენერგიას გვაძლევს, რომ იმაზე უფრო დიდი მწვერვალები დავიპყროთ, ვიდრე ამას ვგეგმავდით. ჩემს ერთ-ერთ წინა სტატიაში უკვე მოვიტანე კიდეც გოეთეს გამონათქვამი:„რაც უფრო ბევრი სირთულეა, მით უფრო ახლოს ვართ მიზანთან“. ასე რომ, მგონი, ღირს ამაზე დაფიქრება, არა?
2. . წინააღმდეგობები გვაკაჟებენ. ყოველი წინააღმდეგობა გვწვრთნის და გვავარჯიშებს. შედეგად, როდესაც მომდევნო ბარიერს გადავწყდებით, მათი გადალახვა იმდენად აღარ გაგვიჭირდება.

3. წინააღმდეგობები თვითრეალიზაციის საუკეთესო გზაა. არ ვიცი, თქვენთვის როგორ, მაგრამ ჩემთვის თვითრეალიზაციას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის წარმოუდგენელ ბედნიერებას მანიჭებს. წარმოგიდგენიათ რამხელა ბედნიერება შეიძლება დაეუფლოს ადამიანს, რომელიც ჩინეთის დიდ კედელს გადალახავს?

4. წინააღმდეგობები გვანვითარებენ. დიახ, ყოველი წინააღმდეგობა გვანვითარებს, რადგან იგი საშუალებას გვაძლევს მიზნის მიღწევის ახალ შესაძლო ვარიანტებზე ვიფიქროთ. ეს ყველაფერი კი გამოცდილებას გვძენს და ჩვენს გონებაში დამატებითი აქტივების სახით ილექება.

5. წინააღმდეგობები გასართობია. არ მოგესმათ! კარგად ვაცნობიერებ, რასაც ვამბობ. თვითონაც წარმოიდგინეთ, წინააღმდეგობები რომ არ არსებულიყო რა უფერული და მოსაწყენი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება?! არანაირი ბარიერი, არანაირი შეზღუდვა. აიღე რაც გინდა, რა უინტერესოა!

6. წინააღმდეგობები გვაიძულებენ მუდამ ტონუსში ვიყოთ. დაბრკოლებების წყალობით, მუდამ ვფიქრობთ მათი გადალახვის გზებზე, ვამუშავებთ სათადარიგო ვარიანტებს. ერთი სიტყვით მუდმივად ფორმაში ვართ და წინააღმდეგობებიც აღარ გვეჩვენება წინააღმდეგობებად.

სულ ეს იყო. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი მეთოდები თქვენც დაგეხმარებათ და როდესაც ახალ წინააღმდეგობას დაინახავთ ჰორიზონტზე, მას არათუ შუბლს, არამედ უკვე – რქებს შეუშვერთ!

ამასთან, თქვენც ხომ იცით, რომ არ არსებობს დაბრკოლება, რომლის გადალახვაც არ შეიძლება. წარმატებებს გისურვებთ!

6 thoughts on “წინააღმდეგობები …. სასარგებლოა!

  1. გეთანხმები ნატალი წინააღმდეგობები და სირთულეები ზოგადად სასარგებლოა, რადგან ისინი გვაძლიერებენ. ცხოვრება ძალიან რთულია, მაგრამ მთავარია იმედი არ დავკარგოთ და სასოწარკვეთილებას არ მივეცეთ. მადლობა ყველა სტატიისათვის🙂

    1. გმადლობ, მზეკო. მიხარია შენნაირი ერთგული მკლითხველი რომ მყავს🙂

      მართალია, სასოწარკვეთილება პირველი მტერია. ჭაობია და თუ დროზე არ დააღწიე თავი აუცილებლად ჩაგითრევს!

  2. მოკლედ, გვათამამებ კარგი პოსტებით😉
    რაც უფრო რთული მისაღწევია მიზანი, მით უფრო დიდია გამარჯვებით გამოწვეული სიხარული…
    წინაარმდეგობას რომ გადალახავ, საკუთარ ძალებში რწმუნდები და მაღლდები, თუნდაც საკუთარ თვალში, ზოგჯერ ეს უფრო მნიშვნელოვანია …
    შეიძლება არანორმალურია, მაგრამ მე სირთულეები უფრო მიზიდავს და მომწონს, მარტივი რაღაცეებისადმი ინტერესი მეკარგება…
    მთავარია ყოველთვის ღირსეულად დახვდე და გაუმკლავდე წინააღმდეგობას. რქებზე რა გითხრა, რამენაირად უნდა გაუმკლავდე🙂

    1. დიდი მადლობა, ქეთი🙂

      გეთანხმები, რაც უფრო დრო გადის, მით უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ მეც მიზიდავს წინააღმდეგობები🙂

  3. სასიამოვნო წასაკითხია თქვენი რჩევები.
    hrworld.ge ეს საიტი სადაც რამდენიმე ავტორი წერდით გათიშულია… იმედია დროებით

    1. გმადლობ, ვასიკო🙂

      კი სამწუხაროდ გათიშულია😦 აუცილებლად ჩაირთვება მალე🙂 მადლობა ყურადღებისათვის🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s