გაყიდვების აგენტის შესახებ

სარეკლამო აგენტი, რეკლამის მენეჯერი, გაყიდვების მენეჯერი, პრომოუტერი, რეალიზაციის პროექტის მენეჯერი …

ეს კიდევ არასრული ჩამონათვალია ე.წ. Sales Representative -ის (გაყიდვების აგენტის) თანამდებობის სახელწოდების ვარიაციებისა, რომლებსაც სხვადასხვა დასაქმების საიტებზე გადააწყდებით. ალბათ, ლოგიკურად დაგებადებათ შემდეგი კითხვა: რა საჭიროა ასეთი მრავალფეროვნება?

აუცილებლად მოგახსენებთ. საქმე იმაშია, რომ კომპანიებმა აღარ იციან როგორ მიიქციონ პოტენციური თანამშრომლების ყურადღება. ამიტომ ფანტაზიას მიმართავენ და სხვადასხვაგვარ პოსტებს იგონებენ, მათ შორის, ხშირად ალოგიკურსაც.

რა საჭიროა ასეთი ძალისხმევა? უბრალოდ, ამ თანამდებობას ისე აქვს გაფუჭებული სახელი, რომ არაკვალიფიცირებული კადრებიც კი უფრთხიან მას. აი კვალიფიცირებულებზე ხომ, საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი. ამაში დამნაშავე ისევ ეს კომპანიები არიან. ისინი, როგორც წესი, არასერიოზულად აღიქვამენ გაყიდვების აგენტებს. ამ ადამიანებს ხშირად არ აქვთ არანაირი მოტივაცია, არანაირი კომფორტი, არანაირი ანგარიშის გაწევა და კიდევ უფრო ხშირად არანაირი ხელფასი. არასოდეს დამავიწყდება, როგორ დატოვეს ჩემი ერთი მეგობარი ყველანაირი გასამრჯელოს გარეშე მას შემდეგ, რაც მან 6 თვის განმავლობაში მთელი თბილისი ფეხით დატკეპნა. განა შეიძლება ამის შემდეგ მათი ნდობა? ცხადია და ლოგიკურია, რომ არა.

როდესაც ამ თემაზე ვიწყებ ფიქრს, სიმართლე გითხრათ, ჩემს გაოცებას საზღვარი არ აქვს ხოლმე. როგორ შეიძლება ანგარიში არ გაუწიო ადამიანს, რომელიც ფაქტობრივად, ”გაცოცხლებს”. წარმოიდგინეთ, რომ გაყიდვების აგენტი არის ორგანიზაციის სახე; ადამიანი რომელსაც შენი პროდუქტი მიაქვს მომხმარებლამდე; რომელსაც ხშირად უდიდესი წვლილი შეაქვს კომპანიის იმიჯის ფორმირებაში ბიზნეს-წრეებში და რაც ყველაზე მთავარია, რომელსაც მოაქვს შემოსავალი.

ამასთან, ყველაზე ცუდი ის არის, რომ გაყიდვების აგენტის თანამდებობის სახელი ისე არის გაფუჭებული, რომ ბევრს აზრადაც კი არ მოსდის, თუ რამდენად საინტერესო და აზარტულია გაყიდვები. შეიძლება არც კი დამიჯეროთ, მაგრამ გაყიდვების აგენტი ერთ-ერთ ყველაზე სასურველ სამუშაოდ ითვლება როგორც შტატებში, ისე ევროპაში. ეს იმიტომაა, რომ გაყიდვების ნიჭი ყველას როდი აქვს. ამას სჭირდება განსაკუთრებული ალღო, დარწმუნების და კომუნიკაციის უნარი, ადამიანის ფსიქოლოგიის ცოდნა და ა.შ. ამ სამუშაოზე ყველაზე რისკიანი და გაბედული ადამიანები მიდიან. ამასთან, სამუშაოს შესრულებისას იმხელა თვითკმაყოფილება გეუფლება, რომელიც ვერასოდეს შეედრება ვერც დღეში 50 ზარის პასუხს და ვერც ბუღალტრული ბალანსის შედგენას (მენდეთ, ეს ყველაფერი საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი). ყველაფერთან ერთად, იცნობ უამრავ ადამიანს. ამყარებ უამრავ კონტაქტს. კონტაქტებთან ერთად კი, უამრავი job offer ( სამსახურის შემოთავაზება) მოდის, რაც ასევე, არა-ნაკლებ სასიამოვნოა.

და თქვენ წარმოიდგინეთ ასეთი საინტერესო სამუშაოს სახელი შეიბღალა! არადა, ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომაა, რომ დღეს, 21-ე საუკუნეში, ზოგიერთ კომპანიას ჯერ კიდევ არ აქვს გაცნობიერებული, რომ თანამშრომლები კომპანიის მთავარი აქტივია; რომ თანამშრომლებს ისეთივე ზრუნვა სჭირდება, როგორც მომხმარებლებს და რომ არა თქვენი თანამშრომლები თქვენი ორგანიზაცია, უბრალოდ ვერ იარსებებდა!

აქვე მინდა დავამატო, რომ კომპანია რომელიც არ ზრუნავს თავის თანამშრომლებზე გაბზარული ნავივითაა, რომელიც ძალიან მალე ფსკერზე აღმოჩნდება. ასე რომ, დასკვნები თქვენთვის მომინდია ….

16 thoughts on “გაყიდვების აგენტის შესახებ

  1. ძალიან კარგი პოსტია, ნატ.
    თუმცა, იმ პერიოდთან შედარებით, როცა შენი მეგობარი უფასოდ ამუშავეს და ძვირფასი ფეხსაცმლის რამდენიმე წყვილი გაათელინეს, დღეს გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა. მაშინ სარეკლამო აგენტად მუშაობისთვის გარეგნობა საკმარისი იყო. ახლა, როგორც მინიმუმ, ცოტა მეტს ითხოვენ.
    საერთოდაც, როგორ უნდა აღიქვა თანამდებობა, რომლისთვისაც არც განათლებას ითხოვენ და არც გამოცდილებას? საბედნიეროდ, ეს მიდგომა იცვლება, რაც ძალიან მახარებს =)
    საინტერესოდ წერ. მომწონს.

    1. დიდი მადლობა კომენტარისათვის, მაიკო. შენი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.შენც იცი🙂

      ზუსტად მაგაშია საქმე, რომ ხშირად ცოტა მეტს ითხოვენ, არადა გაყიდვები ძლიან რთული საქმეა და სამწუხაროა, რომ ამას ვერ აცნობიერებენ კომპანიები.

  2. კარგი პოსტია და თემაც საინტერესოა🙂
    ალბათ ბევრისთვის ნაცნობი სიტუაციაა.
    აყავთ ადამიანი , რომელსაც არანაირი განათლება და უნარი არ აქვს ამ სფეროში მუშაობის, არც მოტივაცია და ხელშეწყობა, და მერე კიდევ უკვირთ მისი წარუმატებლობა…
    და მიკვირს, ნუთუ ზოგიერთი კომპანია ვერ ხვდება, ამ არასერიოზული დამოკიდებულების გამო როგორ ზარალდება კომპანიის იმიჯი და ფინანსები?
    პირადად შევხვედრივარ შემთხვევას, როცა ეს პოზიცია მიაჩნიათ როგორც სტარტი კომპანიაში მუშობისთვის, წესიერად არც კი იცნობენ კომპანიის საქმიანობას და სპონტანურად უწევთ მყიდველის დარწმუნება.

    1. გმადლობ, ქეთი:)

      გეთანხმები, ხშირად არც უხსნიან რა არის გაყიდვები და პირდაპირ უშვებენ ველზე. არადა, სპეციალური მომზადების გარეშე შეუძლებელია რაიმე გამოგივიდეს. გაყიდვების აგენტმა აუცილებლად უნდა იცოდეს დეტალურად კომპანიის პროდუქცია, მისი საქმიანობა და ა.შ.

  3. არა , ბუღალტრული ბალანსის შედგენასაც თავისი მუღამი აქვს😀 ეს ძაან სერიოზული პრობლემაა ჩვენთან და იმედი ვიქონიოთ რომ გამოსწორდება🙂 ნატალი იქნებ ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთი სტატია გვაჩუქო რჩევების სახით… აი მაგალითად რას ურჩევდი იმათ ვინც ამ საქმითაა დაკავებული , ვფიქრობ ძალიან წაადგება მათ .

  4. მეც, მაგის იმედი მაქვს, მზეკო🙂 მადლობა, კომენტარისათვის. სხვათაშორის, ძალიან კარგი აზრია და შევეცდები დავწერო ასეთი სტატია🙂

  5. ჩემი პირადი აზრით გაყიდვების მენეჯერმა დაწვრილებით უნდა იცოდეს ყველაფერი იმ საქონლის ან მომსახურების თაობაზე, რომელსაც ყიდის. ჩვენთან ძირითადად უბრალოდ მიედ-მოედებიან, და თან ქედმაღლად – ვითომ აქეთ შენ ხარ მათი მოსამსახურე და არა პირიქით. ხალხის თვითმოყვარეობის დონე კიდევ იმდენად დაბალია, რომ ამას ყველაფერს ყლაპავენ. ადრე მეც მიმაჩნდა ენის მობრუნება უზრდელობად და ა.შ. ეხლა ეგ მოსაზრება კარდინალურად შემეცვლა, ამჟამად ვალდებულად ვთვლი, რომ ეგეთ ტიპებს მთელი სათქმელი თვალებში ვუთხრა, და მგონია რომ ამით ჩემი წვლილი შემაქვს საზოგადოების განვითარებაში🙂

    1. დათო, გეთანხმები რომ დაწვრილებით უნდა იცოდეს, მაგრამ ეგეც მაგათი ბრალი არ არის. კომპანიები ხშირად არც კი ასწავლიან მათ.

      და კიდევ, ვფიქრობ, შენც არასწორი სტერეოტიპი გაქვს, როგორც ზოგადად საზოგადოებას. რას ნიშნავს მოსამსახურე? არც მე ვარ შენი მოსამსახურე და არც შენ ჩემი. ჩვენ თანაბარ დონეზე ვართ. მე შენ გთავაზობ ჩემს პროდუქტს, თუ გინდა აიღე თუ არა, არა.

      1. მოსამსახურეა იმიტომ რომ მომსახურებას ყიდის, და ე.ი. უნდა მოგემსახუროს. პრობლემა ზუსტად მაგაშია, რომ აქ ეს საქმიანობა რატომღაც ითვლება სამარცხვინოდ. არადა არ არის. და მანამ სანამ ეგ სტერეოტიპი (ზუსტად ეგ არის სტერეოტიპი და არა სხვა რამ) არ შეიცვლება, წარმატებასაც აქ ვერავინ ვერ მიაღწევს.

  6. ორი თვის წინ ერთ-ერთ კომპანიაში სივი გავაგზავნე, სარეკლამო მენეჯერის ვაკანსიაზე… სამი კვირის წინ დამირეკეს და მეუბნებიან რომ შემიძლია კომპანიაში მუშაობა დავიწყო. ვეკითხები: რა უნდა გავაკეთო პასუხი: გამოგიგზავნით მეილზე. გამომიგზავნეს რაღაც ფლაერები – ტექსტით: ესაა ჩვენი პროდუქცია, ამობეჭდე, პოტენციური დამკვეთები მოძებნე და მერე ჩვენ მივხედავთ ყველაფერს.
    არ არაფერი ამომიბეჭდავს და არც სურვილი მაქვს მათთან ვითანამშრომლო.

    ვფიქრობ კომპანიას, რომელსაც არც კი აინტერესებს ვინ აყავს სამუშაოდ არსებობის დიდი დღე არ უწერია.

    (ჰო ყველაზე მთავარი, სივის გაგზავნის მოტივი. ეს ვაკანსია ერთ-ერთ ცნობილ დასაქმების საიტზე თვენახევარი იდო და უბრალოდ დამაინტერესა ქვეყანაში სადაც ამდენი უმუშევარია, რატომ არავინ გამოთქვა სურვილი იქ მუშაობის.)

  7. ”ფიქრობ კომპანიას, რომელსაც არც კი აინტერესებს ვინ აყავს სამუშაოდ არსებობის დიდი დღე არ უწერია.”

    აბსოლუტურად გეთანხმები. ხშირად საერთოდ არ აინტერესებთ ვინ არის და რა არის. ოღონდ პროდუქცია გაუყიდონ. ვერ გაუყიდის და გასამრჯელოსაც ვერ მიიღებს. აი ასეთი ლოგიკა აქვთ. როდესაც 5 წლის წინ სამსახურის ძებნა დავიწყე იმდენ ასეთ კომპანიას გადვაწყდი. მადლობა ღმერთს, არც ერთის კლანჭებში არ ამოვყავი თავი🙂

  8. ძალიან მაგარი პოსტია, მეც მაქვს ამ სფეროში გამოცდილება, აზარტული და სასიამოვნოა, მაგრამ ისეთი უკმაყოფილო დავრჩი ჩემი კომპანიისგან…

  9. მადლობ პოსტისთვის :)) 2 დღეში გასაუბრება მაქ ამ პოზიციაზე გამომადგება :)))))-

  10. გაყიდვების აგენტის ვაკანსია იყო და გავაგზავნე აპლიკაცია. დღეს მივდივარ გასაუბრებაზე და რას მირჩევთ? ერთ_ერთ გაზეთშია ასეთი ვაკანსია

  11. გამარჯობათ, სავსებით ვეთანხმები თქვენს აზრს, ჩვენც გვინდა დავგეგმოთ გაყიდვების ორგანიზება და ძალიან ჭირს კვალიფიციური კადრის მოძიება ამ პოზიციაზე. თუმცა საკმაოდ კარგი მოტივაცია გვაქვს მოფიქრებული გაყიდვების აგენტებისათვის. თქვენ ხომ არ იცით რომელიმე კომპანია ან ჯგუფი, რომელიც კვალიფიციურად შეძლებს ამ საქმის ორგანიზებას ჩვენი დაკვეთით?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s