გაუთხოვარი და არამწეველი … ანუ ყველაზე გავრცელებული შეცდომები CV–ის გაგზავნისას


ქერა, 180 სმ, 46 კილო, უმაღლესი განათლებით, არა–მწეველი და მოწესრიგებული…

ზუსტად ასეთი სახით მომივიდა ერთხელ CV ჩემს მიერ განთავსებული ვაკანსიის საპასუხოდ. ამასთან, მას აპლიკანტის უზარმაზარი სურათი ერთვოდა. გულწრფელად გეტყვით, აღნიშნული CV–ის წაკითხვისას სახეზე ღიმილი მომეფინა, ჩემს თანამშრომელს ვუჩვენე, ორივემ გულიანად ვიცინეთ და გვერდზე გადავდეთ.
ყველამ ვიცით, რომ CV დიდ როლს თამაშობს სამსახურის შოვნაში. ამიტომ თითოეულ დეტალს ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია. მითუმეტეს, რომ ყველაზე უმნიშვნელო დეტალიც კი, ერთი მთლიანის შემადგენელი ნაწილია.
ალბათ, ხშირად გსმენიათ ფრაზა: „სულელი თავის შეცდომებზე სწავლობს, ჭკვიანი კი სხვისაზეო“. მინდა ეს თეორია პრაქტიკაში გამოვიყენო და გაგაცნოთ ის ძირითადი შეცდომები, რომლებსაც სამუშაოს მაძიებლები ყველაზე ხშირად უშვებენ. (ყოველ შემთხვევაში, რომელთაც მე ვაწყდები ხოლმე).
მაშ ასე:

1. ფოტო. ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც CV–ში ჩასმული აპლიკანტის ფოტო თვითონ CV–ის სამჯერ აჭარბებს მოცულობაში. ძალიან გთხოვთ, ნუ გააკეთებთ ამას, რადგან ეს დამქირავებელზე თუ HR მენეჯერზე არც–თუ სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს. სრულებით საკმარისი იქნება, თუკი თქვენს ფოტოს რეზიუმეს მარჯვენა კუთხეში 3X4–ზე ზომით ჩასვამთ.

რაც არ უნდა ბევრი ილაპარაკონ, გულწრფელად გეტყვით, გარეგნობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, ისეთი სურათი შეარჩიეთ, სადაც მეტ–ნაკლებად კარგად გამოიყურებით. ამასთან, ფოტოზე არც დაღვრემილი უნდა იყოთ და არც მეტისმეტად გახარებული. შეეცადეთ იპოვოთ შუალედი.

2. გაუთხოვარი. მიხვდებოდით, რომ საქმე მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს ეხება. ხშირად აპლიკანტებს ოჯახური მდგომარეობის პუნქტის გასწვრივ უწერიათ ან გასათხოვარი ან გაუთხოვარი. პირდაპირ გეტყვით, ეს ყოველთვის იწვევს სახეზე ღიმილს. თქვენ, რა თქმა უნდა, ეს არ გსურთ. ამიტომ, აღნიშნულ პუნქტში უნდა დაწეროთ ან დაოჯახებული ან დაუოჯახებელი.

3. რომანი.
CV არ უნდა იყოს მოთხრობასავით დაწერილი. ასეთი სახის რეზიუმეები, რაც არ უნდა იდეალური იყოს კანდიდატი, ყოველთვის რთულად იკითხება. ყოველი პუნქტი უნდა იყოს გამოყოფილი და განცალკევებული.

4. CV–ის მოცულობა. მინდა გითხრათ, რომ როდესაც CV ნახევარ გვერდზეა დატეული, იგი ყოველთვის ნაკლებ ინტერესს იწვევს. შეიძლება არც ისე ბევრი გქონდეთ მასში ჩასაწერი, მაგრამ მაინც შეეცადეთ, რომ როგორმე ერთ გვერდზე მაინც გაწელოთ იგი. იგივე შეიძლება ითქვას, ძალიან გრძელ CV–ზეც. მესმის, რომ ყველას სურს, საკუთარი განათლება და გამოცდილება მაქსიმალურად სრულყოფილად წარმოაჩინოს, მაგრამ დამერწმუნეთ, თუკი თქვენი რეზიუმე 2 გვერდს აჭარბებს, ძალიან მცირე შანსი არსებობს იმისა, რომ მას ბოლომდე წაიკითხავენ. ასე რომ, თვითონ განსაჯეთ.

5. ელექტრონული ფოსტის მისამართი. არსებითი მნიშვნელობა გააჩნია იმასაც, თუ როგორი E-mail–ით გზავნით თქვენს CV–ის. გთხოვთ, ნურასოდეს გაგზავნით რეზიუმესა თუ ნებისმიერ სხვა საქმიან წერილს შემდეგის მსგავსი მისამართით: pisunia_love@gmail.com ან natalie_misses_vakho@yahoo.com . ეს არასერიოზული საქციელია. აქვე გთხოვთ, რომ CV საკუთარი ელექტრონული ფოსტიდან გააგზავნოთ. დაგისაბუთებთ რატომაც. როდესაც, პირადად მე, მომდის ერთი ადამიანის CV სხვა ადამიანის ელექტრონული მისამართიდან, შთაბეჭდილება მრჩება რომ რეზიუმეს მფლობელი სამსახურის შოვნაში საკმარისად დაინტერესებული არ არის.

6. დამირეკეთ და არ ინანებთ. ზუსტად ასეთი წინადება იყო მიწერილი ჩემთან მოსულ ერთ–ერთ CV–ის. მართალია, ხშირ შემთხვევაში მიზანი ამართლებს საშუალებას. თუმცა, ეს მგონი უკვე მეტისმეტია. რაც არ უნდა კვალიფიცირებული კანდიდატი იყოთ, გთხოვთ თავი შეიკავოთ მსგავსი ხმამაღალი განცხადებებისგან. ისინი არასოდეს შეუქმნიან დამქირავებელს თქვენს შესახებ კარგ წარმოდგენას.

შევეცადე ჩამომეყალიბებინა ის ძირითადი შეცდომები, რომელთაც სამსახურის მაძიებელნი ყველაზე ხშირად უშვებენ. მართალია, ამბობენ: „არ ცოდნა, არ ცოდვააო“ მაგრამ, როდესაც თითოეულ ვაკანტურ ადგილზე უზარმაზარი კონკურენციაა, დამეთანხმებით, რომ არ ცოდნის გამო შეცდომის დაშვების უფლება არავის გვაქვს. გთხოვთ, ნუ მისცემთ დეტალებს უფლებას გაგიფუჭოთ საქმე. დაე, თქვენმა CV–იმ აღაფრთოვანოს მისი ადრესატი.

14 thoughts on “გაუთხოვარი და არამწეველი … ანუ ყველაზე გავრცელებული შეცდომები CV–ის გაგზავნისას

  1. ჩვენ ერთხელ მოგვივიდა იურისტის ვაკანსიაზე ქერა გოგონას სივი, რომელშიც მარტო ერთი აზრი იკითხებოდა: ვარ ფრანგულის სპეციალისტი… და ფოტო ერთვოდა 2 ცალი, ზღვის ნაპირზე გადაღებული საცურაო კოსტუმით :))))))

    1. გმადლობ, კომენტარისათვის🙂

      ჰო, ეგეთებიც ხდება ხოლმე🙂

  2. ზღვის ნაპირზე გადაღებული საცურაო კოსტუმით. საინტერესოა ძლიერი სქესის წარმომადგენელი გასაუბრებაზე არ დაიბარებდა?:):)

  3. ნატალი ეხლა მომიწია ამ სტატიის წაკითხვამ და კითხვის პროცესში მეღიმებოდა,რადგან ანალოგიური CV ხშირად ყოფილა ჩემს ხელთ. რაღაც საოცარ და არაშესაბამის ინფორმაციებს წერენ მაგალითად: “თუ რაიმე მნიშვნელობა აქვს ვიცნობ კახეთის გამგებელს ან პარლამენტარს (სახელი,გვარი მითითებული)” ფოტოები ჩანჩქერის ფონზე და ა.შ.🙂 უნებლიედ გეცინება და შეიძლება იხარხარო კიდეც ზოგი ისეთ CV-ია.
    შენ სტატიას რაც შეეხება როგორც ყველა სხვა დანარჩენი უზომოდ საინტერესო წასაკითი და ამ შემთხვევაში მსუბუქი იუმორით იყო სავსე🙂 იმედია შენ საუკეთესო რჩევებს გაითვალისწინებენ.

    1. რუსო ,

      გამარჯობა🙂 გმადლობ, რომ კითხულობ.

      ჰო, უბრალოდ, ზოგჯერ ისეთ ნონსენსებს გადააწყდები სივიში, რომ გაოცებისაგან თვალები შუბლზე ადის🙂

      დიდი მადლობა კიდევ ერთხელ🙂

  4. ძალიან მომეწონა ნატალია შენი ბლოგი და ეს სტატიაც, მე პირადად ერთ-ერთ დამსაქმებელ ორგანიზაციაში ვმუშაობ, სადაცმოდიან ავსებენნ სპეციალურ ფორმას (CV მსგავსი ტიპის) რომელიც შემდეგ ინახება მონაცემთა ბაზაში და იქ ზოგი ისეთებს წერს რომ რავი, ერთმა ჩაწერა სქესი “ქალიშვილი” და რავი ძალიან ბევრი ისეთი მოდის ზედმეტი პრეტენზიებით, რომლებსაც ბანკის მენეჯერობა უნდა ან მინიმუმ რაგაც ორგანიზაციის მაინც😀

    1. avto ,

      გამარჯობაა. ძალიან მიხარია ჩემი ბლოგი რომ მოგეწონათ 🙂 “ქალიშვილის” ამბავი ნამდვილად არასოდეს შემხვედრია:)

      კი, ხშირად არ იციან რა დაწერონ. მაგრამ, მათი გაგებაც შეიძლება, რადგან ძალიან უნდათ მუშაობა და ბევრმა გულწრფელად არ იცის რა უნდა დაწეროს.

  5. ნატალი ქართლი ცვ ის ფორმა ხოარ გაქ რო დადო? ბევრნაირი მაქვს მაგრამ არცერთი არ მომწონს რაღაც დიდია ძაან

  6. გამარჯობა ნატალია.
    თუ საიდუმლო არაა, რა შეხება გაქვთ სინერჯი ჯგუფთან?

    1. ძალიან კარგი გუნდია, მომწონს…🙂
      ბევრ საინტერესო ინფორმაციას ვიღებ მათგან, ისევე როგორც შენი ბლოგიდან.

  7. ამობეჭდილ CV-ს აუცილებელია რომ ფოტო ზემოდან დავაკრა თუ შეიძლება ფოტოსათან ერთად ამოვბეჭდო?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s