Posts tagged ‘სივი’

July 10, 2010

გაუთხოვარი და არამწეველი … ანუ ყველაზე გავრცელებული შეცდომები CV–ის გაგზავნისას

by Natalie Saginashvili


ქერა, 180 სმ, 46 კილო, უმაღლესი განათლებით, არა–მწეველი და მოწესრიგებული…

ზუსტად ასეთი სახით მომივიდა ერთხელ CV ჩემს მიერ განთავსებული ვაკანსიის საპასუხოდ. ამასთან, მას აპლიკანტის უზარმაზარი სურათი ერთვოდა. გულწრფელად გეტყვით, აღნიშნული CV–ის წაკითხვისას სახეზე ღიმილი მომეფინა, ჩემს თანამშრომელს ვუჩვენე, ორივემ გულიანად ვიცინეთ და გვერდზე გადავდეთ.
ყველამ ვიცით, რომ CV დიდ როლს თამაშობს სამსახურის შოვნაში. ამიტომ თითოეულ დეტალს ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია. მითუმეტეს, რომ ყველაზე უმნიშვნელო დეტალიც კი, ერთი მთლიანის შემადგენელი ნაწილია.
ალბათ, ხშირად გსმენიათ ფრაზა: „სულელი თავის შეცდომებზე სწავლობს, ჭკვიანი კი სხვისაზეო“. მინდა ეს თეორია პრაქტიკაში გამოვიყენო და გაგაცნოთ ის ძირითადი შეცდომები, რომლებსაც სამუშაოს მაძიებლები ყველაზე ხშირად უშვებენ. (ყოველ შემთხვევაში, რომელთაც მე ვაწყდები ხოლმე).
მაშ ასე:

1. ფოტო. ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც CV–ში ჩასმული აპლიკანტის ფოტო თვითონ CV–ის სამჯერ აჭარბებს მოცულობაში. ძალიან გთხოვთ, ნუ გააკეთებთ ამას, რადგან ეს დამქირავებელზე თუ HR მენეჯერზე არც–თუ სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს. სრულებით საკმარისი იქნება, თუკი თქვენს ფოტოს რეზიუმეს მარჯვენა კუთხეში 3X4–ზე ზომით ჩასვამთ.

რაც არ უნდა ბევრი ილაპარაკონ, გულწრფელად გეტყვით, გარეგნობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, ისეთი სურათი შეარჩიეთ, სადაც მეტ–ნაკლებად კარგად გამოიყურებით. ამასთან, ფოტოზე არც დაღვრემილი უნდა იყოთ და არც მეტისმეტად გახარებული. შეეცადეთ იპოვოთ შუალედი.

2. გაუთხოვარი. მიხვდებოდით, რომ საქმე მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს ეხება. ხშირად აპლიკანტებს ოჯახური მდგომარეობის პუნქტის გასწვრივ უწერიათ ან გასათხოვარი ან გაუთხოვარი. პირდაპირ გეტყვით, ეს ყოველთვის იწვევს სახეზე ღიმილს. თქვენ, რა თქმა უნდა, ეს არ გსურთ. ამიტომ, აღნიშნულ პუნქტში უნდა დაწეროთ ან დაოჯახებული ან დაუოჯახებელი.

3. რომანი.
CV არ უნდა იყოს მოთხრობასავით დაწერილი. ასეთი სახის რეზიუმეები, რაც არ უნდა იდეალური იყოს კანდიდატი, ყოველთვის რთულად იკითხება. ყოველი პუნქტი უნდა იყოს გამოყოფილი და განცალკევებული.

4. CV–ის მოცულობა. მინდა გითხრათ, რომ როდესაც CV ნახევარ გვერდზეა დატეული, იგი ყოველთვის ნაკლებ ინტერესს იწვევს. შეიძლება არც ისე ბევრი გქონდეთ მასში ჩასაწერი, მაგრამ მაინც შეეცადეთ, რომ როგორმე ერთ გვერდზე მაინც გაწელოთ იგი. იგივე შეიძლება ითქვას, ძალიან გრძელ CV–ზეც. მესმის, რომ ყველას სურს, საკუთარი განათლება და გამოცდილება მაქსიმალურად სრულყოფილად წარმოაჩინოს, მაგრამ დამერწმუნეთ, თუკი თქვენი რეზიუმე 2 გვერდს აჭარბებს, ძალიან მცირე შანსი არსებობს იმისა, რომ მას ბოლომდე წაიკითხავენ. ასე რომ, თვითონ განსაჯეთ.

5. ელექტრონული ფოსტის მისამართი. არსებითი მნიშვნელობა გააჩნია იმასაც, თუ როგორი E-mail–ით გზავნით თქვენს CV–ის. გთხოვთ, ნურასოდეს გაგზავნით რეზიუმესა თუ ნებისმიერ სხვა საქმიან წერილს შემდეგის მსგავსი მისამართით: pisunia_love@gmail.com ან natalie_misses_vakho@yahoo.com . ეს არასერიოზული საქციელია. აქვე გთხოვთ, რომ CV საკუთარი ელექტრონული ფოსტიდან გააგზავნოთ. დაგისაბუთებთ რატომაც. როდესაც, პირადად მე, მომდის ერთი ადამიანის CV სხვა ადამიანის ელექტრონული მისამართიდან, შთაბეჭდილება მრჩება რომ რეზიუმეს მფლობელი სამსახურის შოვნაში საკმარისად დაინტერესებული არ არის.

6. დამირეკეთ და არ ინანებთ. ზუსტად ასეთი წინადება იყო მიწერილი ჩემთან მოსულ ერთ–ერთ CV–ის. მართალია, ხშირ შემთხვევაში მიზანი ამართლებს საშუალებას. თუმცა, ეს მგონი უკვე მეტისმეტია. რაც არ უნდა კვალიფიცირებული კანდიდატი იყოთ, გთხოვთ თავი შეიკავოთ მსგავსი ხმამაღალი განცხადებებისგან. ისინი არასოდეს შეუქმნიან დამქირავებელს თქვენს შესახებ კარგ წარმოდგენას.

შევეცადე ჩამომეყალიბებინა ის ძირითადი შეცდომები, რომელთაც სამსახურის მაძიებელნი ყველაზე ხშირად უშვებენ. მართალია, ამბობენ: „არ ცოდნა, არ ცოდვააო“ მაგრამ, როდესაც თითოეულ ვაკანტურ ადგილზე უზარმაზარი კონკურენციაა, დამეთანხმებით, რომ არ ცოდნის გამო შეცდომის დაშვების უფლება არავის გვაქვს. გთხოვთ, ნუ მისცემთ დეტალებს უფლებას გაგიფუჭოთ საქმე. დაე, თქვენმა CV–იმ აღაფრთოვანოს მისი ადრესატი.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 459 other followers