Posts tagged ‘ლი იაკოკა’

July 26, 2010

როდესაც შენი სამსახური გძაგს…

by Natalie Saginashvili


”თუკი ოფიციანტი ხარ, გააკეთე ყველაფერი იმისათვის, რომ რომ მსოფლიოში საუკეთესო ოფიციანტი გახდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალი სამსახური უნდა ეძებო” –

ამოვიკითხე ერთ დროს ლი იაკოკას ავტობიოგრაფიაში. რა თქმა უნდა ვეთანხმები, ან რა უფლება მაქვს რომ არ დავეთანხმო ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მენეჯერს?! თუმცა, ჩვენს რეალობაში, განსაკუთრებით, როდესაც კარიერის ე.წ. აღმოჩენის სტადიაზე იმყოფები  უბრალო, უკვე აღარაფერი რომ არ ვთქვათ სპეციალობით სამსახურის შოვნა ძალიან რთულია. შესაბამისად,  ქუდის დახურვა და წასვლა, მსუბუქად რომ ვთქვათ, დიდი შეცდომა იქნებოდა.

            მეორეს მხრივ, რა უნდა იყოს იმაზე უფრო საშინელი, როდესაც სამსახურში მისვლა გძაგს, შენი საქმე არ გაინტერესებს და უფროსი ნერვებს გიშლის! დამშვიდდით, ღრმად ამოისუნთქეთ. მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი არც ისე ცუდაა როგორც ეს ერთი შეხედვით გეჩვენებათ. ადრე დავწერე და ახლაც გავიმეორებ, რომ ყველა გამოუვალ სიტუაციაში სულ მცირე ორი გამოსავალი არსებობს. მთავარია, კარგად გავახილოთ თვალები…

            არსებობს რამოდენიმე ძირითადი მიზეზი, რომელთა გამოც სამსახურის შეცვლაზე ვიწყებთ ფიქრს.
          მეტის გაკეთება შეგიძლიათ? მესმის, მთელი ცხოვრება ჯენერალ მენეჯერობაზე ოცნებობდით, ახლა კი ისეთი საქმის კეთება გიწევთ, რომელიც ახლოსაც კი ვერ მივა სანატრელ სამსახურთან. ამიტომ ზიხართ მჟავე სახით თქვენს კომპიუტერთან, საკუთარი თავი გეცოდებათ და ყველას უბღვერთ გარშემო. გარწმუნებთ, თუ ასე გააგრძელებეთ ვერც ახალ სამსახურს იშოვით და შესაძლოა არსებული სამსახურიდანაც კი დაგითხოვონ.

 ამიტომ, აიყვანეთ თავი ხელში, გაიღიმეთ და მოქმედებაზე გადადით.  საქმეს შემოქმედებითად მიუდექით. ითამაშეთ საკუთარ თავთან. დაფიქრდით რა სარგებლის მოტანა შეუძლია არსებულ სამსახურს თქვენთვის. მაგალითად, თუკი ტელეფონით ხშირად გიწევთ საუბარი, შესაძლებელია საკუთარ მეტყველებაზე მუშაობა. თუკი სალაროში ზიხართ და გატარებებს აკეთებთ და პიარ მენეჯერობაზე ოცნებობთ, შეგიძლიათ საკუთარი თავი ასეთად წარმოიდგინოთ. მენდეთ, ასე მომხმარებლებიც კმაყოფილები დარჩებიან, ხელმძღვანელებიც და თქვენც კარგად გაერთობით.   ასევე შესაძლებელია, რომ თქვენი რომელიმე ნიჭი ან ინტერესი თქვენს საქმეში ჩართოთ. მაგალითისათვის, ერთხელ ერთ ადამიანს, რომელიც ბანკში გაყიდვების აგენტად მუშაობდა და მუდამ მისი სამსახურის უბადრუკობაზე წუწუნებდა, ვურჩიე მისი პაროდირების ნიჭი მომხმარებლების მოსაზიდად გამოეყენებინა. შედეგმაც არ დააყოვნა. იგი მეორე დღეს ბედნიერი დაბრუნდა. საქმე წინ წავიდა.

კარგი, გასაგებია. თქვენი საქმე მოგწონთ და გიყვართ, მაგრამ უფროსი საშინლად გაღიზიანებთ. დამშვიდდით. კარგად დააკვირდით თქვენს ხელმძღვანელს. ალბათ, თავადაც ხედავთ, რომ ის მონსტრი არაა. ისიც ჩვეულებრივი ადამიანია და მასაც აქვს თავისი უარყოფითი და დადებითი მხარეები. შეეცადეთ გაუგოთ მას. ამასთან, ჯერ არავინ იცის თქვენ როგორი უფროსი იქნებით. ამიტომ, კარგად შეისწავლეთ მისი შეცდომები და შეეცადეთ არ გაიმეოროთ ისინი თქვენი ხელმძღვანელობის დროს.

ამასთან, არავინ გაძალებთ სიცოცხლის ბოლომდე იყოთ არსებულ სამსახურში. გადახედეთ ვაკანსიების საიტებს. იქნებ თქვენი სანატრელი სამსახური უკვე გელოდებათ იქ?

 მესმის. ცხოვრება ისედაც მოკლეა, იმისათვის  რომ ვაკეთოთ ის რაც არ გვიყვარს ან უბრალოდ, არ გვსიმოვნებს, მაგრამ არაფრის მომტანი ჭორაობისა და წუწუნის ნაცვლად, ალბათ ისევ სჯობს რომ მეტი პოზიტივით შევხედოთ სიტუაციას.  შეეცადეთ დრო  თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ. დახვეწეთ თქვენი უნარები. შეიძინეთ ახალი ცოდნა. აიმაღლეთ კვალიფიკაცია.

გადახედეთ თქვენს პრიორიტეტებს. იქნებ, საერთოდაც,  არასწორ გზაზე დგახართ და პროფესიული ბედნიერებისათვის სულ სხვა რამ გჭირდებათ?

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 426 other followers